Pages

Sunday, April 6, 2014

დიდი აღმოჩენები და მოსამზადებელ დონეზე დატოვებული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა


გიფიქრიათ ოდესმე რატომაა საფრანგეთში შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მოსამზადებელ დონეზე შემორჩენილი? მე თავიდანვე უცნაურად მეჩვენებოდა ყველას რომ ასეთ დონეზე ვხედავდი. ხშირად გამჩენია კითხვა, თუმცა კი არასდროს მიკითხავს. ალბათ იმიტომ რომ არ ველოდი გულწრფელ და ნამდვილ პასუხს. 
კონფერენციაზე ‘1994-2014: მონუმენტური მხატვრობის აღმოჩენის 20 წელი, შეჯამება და პერსპექტივები’ (1994-2014 : 20 années de découvertes de peintures monumentales. Bilan etperspectives) წარმოდგენილმა მოხსენებებმა ამ კითხვაზე პასუხი მაპოვნინეს. რა თქმა უნდა ამის მიზეზი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი რამ, ბევრი სხვადასახვა ფაქტორია გადაჯაჭვული ერთმანეთზე, მაგრამ ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშნელოვნი ფაქტორი სწორედ ისაა, რასაც ქვემოთ მოგიყვებით.

კედლის მხატვრობის რესტავრაცია საფრანგეთში ცოტა უცნაურად რომაა აღქმული, ალბათ დამეთანხმებით, თუ კი ოდესმა მაინც გქონიათ შეხება ამ საქმესთან. აქ რესტავრაცია იწყება დაზგურ მხატვრობაზე და დაზგურიდან გადადის კედელზე, ამიტომაცაა რომ ცდილობენ კედელს დაზგურის მეთოდები მოარგონ. რესტავრატორებიც უმეტეს შემთხვევაში არიან ისინი, ვინც დაზგურის რესტავრაცია ისწავლეს და მერე კედელზე ხელი გაიწაფეს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ აქაური კედლის მხატვრობების უმეტესობა წარმოადგენს ტილოზე შერულებულ მხატვრობას, მიკრულს კედელზე. ესენი კი ბევრად უფრო ახლოა დაზგურთან და გარკვეულწილად საჭიროცაა იგივე მიდგომა. ხოდა თითქმის ყველა რესტავრატორი აქედან იწყებს პრაქტიკას. მერე უკვე კელდის მხატვრობებს შორის გარჩევას არ ხედავენ და უმალვე გადადიან შუა საუკუნეების მართლაც საოცარ მხატვრობებზე. თუ რა შედეგი მოყვება ამას უმეტეს შემთხვევაში, ვეცდები ცოტათი მაინც დაგანახოთ.


კედლის მხატვრობა არაა მაინდამაინც აქტუალური საფრანგეთში. ალბათ სოწრედ ამიტომაცაა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში რაც აქ ვარ, პირველი კონფერენციაა ამ  დარგში. ეს კონფერენცია ორგანიზებული იყო კედლის მხატვრობის კვლევის ცენტრის (Le Groupe de Recherches sur la PeintureMurale - G.R.P.M.) მიერ, რომლებიც ძირითადად ხელოვნებთამცონდეებს აერთიანებს. აქვე მონაწილეობდა ბელგიის სამეფო ინსტიტუტი (Royal Institute for Cultural Heritage), მონპელიეს შუასაუკუნეების კვლევის ცენტრი (CEMM – Centre d'Études Médiévales de Montpellier).  მოხესენებები ეხებოდა კედლის მხატვრობის აღმოჩენებს ბოლო 20 წლის განმავლობაში. შედეგი გასაოცარია, მართლაც უამრავია აღმოჩენილი. ძალიან გამიკვირდა, მართალი გითხრათ, ამ კონფერენციის ჯერ კიდევ სათაური და ვერაფრით ვხვდებოდი, რა განსაკუთრებული აღმოჩენა სჭირდებოდა კედლის მხატვრობას. თუმცა მალე ყველაფერი ნათელი გახდა.

როგორც ჩანს საფრანგეთში ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (მე-17-დან) კედლის მხატვრობებს სხვადასხვა ფერის შელესილობით ფარავდნენ, უმეტეს შემთხვევაში კირით, ან თაბაშირით. მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მართალი გითხრათ, ვერ დავადგინე, ხშირად მომხსენებლებისთვისაც გაურკვეველი იყო ეს მიზეზი. ხშირ შემთხვევში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადალესვამდე მხატვრობების დოკუმენტირება ხდებოდა. მაგრამ მიუხედავდ ამისა დროთა განმავლობაში ისინი მაინც დავწიყებას ეცემოდა. სწორედ ამიტომაა რომ ახლა ამ მხატვრობების გახსნას, აღმოჩენებს უწოდებენ. და ახლა ზუსტად დიდი ბუმია ამ აღმოჩენების, როგორც მივხვდი.  ექსპედიციების უმეტესი ნაწილი მოდის სწორედ ასეთ მხატვრობებზე, ახლი შელესილობის მოხსნასა და ძველის მხატვრობს აღმოჩენზე. რესტავრაციის ეფექტი უდიდესია (ეს არაა ის შემთხვევა, ხარაჩოს მოხნის დროს რომ გეკითხებიან: ახლა იწყებთ რესტავრაციასო?), დამკვეთი ბედნიერია, შემსრულებელი მუდამ შოულობს სამუშაოს და ა.შ. ეფექტი კი მართლაც გამაოგნებელია, მაგრამ არა მხოლოდ გახსნის ხარჯზე. სხვა რას მიუძღვის ამაში წვლილი, ამაზე ცოტა ქვემოთ.


მოხსენება რომელიც ეძღვნებოდა კორბეი-ესონის ეკლესიაში (Église Saint-Étienne de Corbeil-Essonnes) ჩატარებულ კვლევას და მერე რესტავრაციას, წარმოადგინა რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორანტურის სტუდენტმა, რომელიც ასწავლის პარალელურად სორბონის უნივერსიტეტის რესტავრაციის ფაკულტეტზე. რამოდენიმე ახალი კურსდამთავრებული შეიკრიბა, შეიტანეს პროექტი და კონკურსში გამარჯვებაც მოიპოვეს. შესაბამისად დაიწყო რესტავრაცია. ჯერ დაიწყეს საცდელი ფანჯრების გახსნა და ნახვა თუ იყო რაიმე მხატვრობა დაფარული და თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს მხატვრობა რესტავრაციას. ეჭვმა გაამართლა და გამოჩნდა მხატვრობა. მაგრამ მოხნისას ზედა შელესილობას მხატვრობის ზედა ფენაც მოყვებოდა. აქ დაისვა მთავარი კითხვები, ჩემის აზრით ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი: უნდა მოახსნათ თუ არა ეს შელესილობა იმ შემთხვევაში, როცა ამდენი დანაკარგი ჰქონდათ? თუ უნდა გაჩერებულიყვნენ იმ იმედით რომ ოდესმე ახალი ტექნოლოგიების პარალელურად გამოჩნდებოდა მეთოდი, რომელიც მისცემდა საშუალებას მხატვრობის ნაკლები დანაკარგით მოეხსნათ გადალესვა? პირველი ეტაპი ამ ჯგუფმა წარმატებულად გაიარა: დასვა საჭირო კითხვები. მაგრამ სამწუხაროდ ამ საჭირო კითხვებზე არასწორი პასუხები გასცა. პასუხი კი ასეთი იყო: მიუხედავად დანაკარგისა, დღეს, არსებული მეთოდით უნდა მოეხსნათ გადალესვა და გაეწირათ მხატრობის ზედა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფენა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ეს გადალესვა საფრთხეს უქმნიდა მხატვრობას. ამ საკითხზე ძალიან ბუნდოვნად და სწრაფად ილაპარაკა მომხსენებელმა და აშკარად ჩანდა რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენს მიერ ზემოდ ნახსენები ‘ეფექტის’ გამო და არა მხატვრობის გადარჩენის თვალსაზრისით. სამი საუკუნეა ეს შელესილობა ფარავს მხატვრობას და მეტად ვეღარ დააზიანებდა. აი რესტავრაციამ კი დიდი დაღი დაასვა ამ მხატვრობას.

რესტავრაციის შემდეგ

სწორედ აი ესა საფრანგეთში ერთ-ერთი ძირითადი პორბლემა კედლის მხატვრობის რესტავრაციაში. იციან კითხვების დასმა, ხვდებიან რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ ამ კითხვებზე პასუხს არა მხატვრობის, არამედ დამკვეთის სასარგებლოდ სცემენ. შედეგად კი მოსამზადებელ დონეზე დარჩენილი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობები გვაქვს, ანუ მართლაც და ფრესკები, როგორც ფრანგები ისედაც უწოდებენ. ფრესკის გარდა აბა რა გაუძლებს ამ მეთოდით ზედა გადალესვის მოხსნას.


ალბათ გაინტერესებთ თუ რა მეთოდს იყენებენ შელესილობის მოსახსნელად. არაფერი განსაკუთრებული - მექანიკური! ანუ ჩაქუჩებით ჩამოყრა და სკალპელებით აფხიკვა. რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდით დანაკარგი იქნება. ეჭვიც არ შეგეპარება ადამიანს. მე ველოდი რომ ამ კონფერენციის ფარგლებში ვინმე წარმოადგენდა მოხსენებას სწორედ მოხსნის მეთოდებზე, უბრალოდ კითხვას მაინც დასვამდნენ, იქნებ რამე სხვა უკეთესი გამოგევეყენებინაო. ბოლო-ბოლო ბუმია, მხოლოდ ეს ხდება ამ ეტაპზე აქ, საფრანგეთში. ერთ რესტავრატორს ხომ მაინც უნდა გაუჩნდეს კითხვა ან სურვილი მოძებნოს სხვა მეთოდი. არ არსებობს? ჩაატარონ კვლევა და იპოვონ. ვერ იპოვიან? შეეშვან მხატვრობებს. მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. არა! არ გასჩენიათ ეს კითხვა. არც კვლევის სურვილი არ არსებობს. ასე უფრო მარტივია, გარედან ამათ არავინ აწუხებს. შიგნით კი დამკვეთიც კმაყოფილია და შემსრულებელიც. რატომ უნდა იჭყლიტონ ზედმეტად ტვინი.

უკვე გამოჩენილი მხატვრობა წამოგიდგენიათ ალბათ რა დღეში იქნება როცა მხოლოდ მოსამზადებელ დონეზეა დარჩენილი (ისე პირადადა მე ხანდახან მოსამზადებელი მირჩევნია ხოლმე დასრულებულ მხატვრობას). მიუხედავად იმისა რომ ეს მათი არჩევანია და თვითონ დაყავთ ამ დონეზე მხატვრობა, მაინც არ მოსწონთ. ასე ხომ არ დატოვებენ და აი ასეთ შედეგს ვიღებთ:

ფოტო შელესილობის მოხნის შემდეგ, გადახატვამდე
ფოტო გადახატვის შემდეგ 





















დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. რამდენად მისაღებია ასეთი სახის რესტავრაცია? სად მთავრდება შუა საუკუნეების მხატვარი და სად იწყება 21-ე საუკუნის რესტავრატორი.


ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთში თუ უნდათ რესტავრაციის პორცესი აჩვენონ, რესტავრატორს აუცილებლად გადახატვის პორცესში გვიჩვენებენ. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.